ვებ-გვერდი იყენებს cookie ფაილებს. თუ თქვენ გააგრძელებთ საიტის გამოყენებას, ესეიგი თქვენ ეთანხმებით ჩვენს პოლიტიკას

Via Travel

Lufthansa City Center

ტელეფონი: +995 32 / 2912080
ფაქსი:
+995 32 / 2942244
E-mail:
viatravel@viatravel.ge

24 I. Abashidze Str.,
179 Tbilisi
საქართველო

საბერძნეთი - ანტიკური ღმერთების საბრძანებელი და უბრალო მოკვდავთათვის ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე! ეს სწორედ ის საოცნებო ქვეყანაა, სადაც შეგიძლიათ მთელი დღე ზღვის სანაპიროზე ინებივროთ, ანტიკური ტაძრები და ღირშესანიშნაობები დაათვალიეროთ, გასინჯოთ უგემრიელესი კერძები და ღვინო, გაიცნოთ შესანიშნავი ხალხი, დატკბეთ სიმშვიდით ანდა პირიქით - დილამდე გაერთოთ კლუბებში.

ხმელთაშუაზღვისპირეთში ზაფხულში ცხელა და მშრალი ამინდია, ყველაზე ცხელი პერიოდი ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე გრძელდება, ამიტომ საბერძნეთში, განსაკუთრებით კი კრეტასა და როდოსზე დასასვენებლად გამგზავრებას მაისსა და ივნისში, ანდა სექტემბერ-ოქტომბერში გირჩევთ.

ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუნძული უდაოდ კორფუა - ალბათ სწორედ ამიტომ იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში მის დასაპყრობად სხვადასხვა ქვეყნის მხედართმთავრები. ბობოქარმა ისტორიამ თავისი კვალი დაამჩნია კორფუს კულტურასა და ყოველდღიურ ყოფას, რაც თანამედროვე მოგზაურებს განსაკუთრებით ხიბლავს. კორფუზე მეტად სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, სანაპიროები პრესტიჟული კურორტებითაა მოფენილი, რომლებსაც ხშირად სტუმრობენ როგორც ახალგაზრდა წყვილები, ისე ოჯახური დასვენების მსურველნი.

საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძული კრეტა გახლავთ, მას ერთდროულად სამი ზღვა აკრავს გარს - იონიის, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვები. ალბათ ამიტომაც მიიჩნევენ, რომ აქაური კლიმატი ყველაზე რბილია და განსაკუთრებით ჯანსაღი. კუნძულს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს, რათა საკუთარი თვალით იხილოს იმ დიდებული ცივილიზაციის ნარჩენები, რომელიც კრეტაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ასეული წლის წინ ყვაოდა. მოგზაურების დიდ აღფრთოვანებას იწვევს კნოსოსისა და ფესტოსის სასახლეები, ანტიკურ ტაძართა ნანგრევები, ვენეციური ციხე-სიმაგრეები, თურქული მეჩეთები და ბიზანტიური მონასტრები. თუკი ქვიშიან სანაპიროზე ნებივრობა და ამავდროულად საინტერესო ექსკურსიებით დატვირთული დასვენება გხიბლავთ, კუნძული კრეტა სწორედ თქვენთვისაა ზედგამოჭრილი.

კუნძული როდოსი შესანიშნავი ინფრასტრუქტურითა და ღრმა ისტორიული ფესვებით გამოირჩევა. იგი ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან იღებს სათავეს და ტურისტებს უნიკალური არქიტექტურით, უმშვენიერესი მოედნებით, ქრისტიანული თუ მუსლიმური ნაგებობებით, პარკებითა და ორიგინალური ქუჩებით ხიბლავს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ძველი ქალაქი - მასიური გალავნით შემორტყმული ისტორიული ცენტრი, სადაც უამრავ ღირშესანიშნაობას იხილავთ, სამხრეთით შედარებით თანამედროვე უბნებია გაშენებული, მათ შორის ნავსადგური მანდრაკი და ფეშენებელური სანაპირო, სადაც როდოსის საუკეთესო სასტუმროების დიდი არჩევანია. როდოსზე დასვენებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო ზაფხულის პერიოდია - მუდამ მზიანი ამინდი და განსაკუთრებით თბილი ეგეოსის ზღვა!

ეგეოსის ზღვის კიდევ ერთი თვალწარმტაცი და იდუმალებით მოცული კუნძულია სანტორინი - მას მეორენაირად დაკარგულ ატლანტიდასაც უწოდებენ. კუნძული უხსოვარ დროს, 3500 წლის წინ, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად აღმოცენდა და არაერთი ლეგენდა უკავშირდება, რომელსაც ადგილობრივი მკვიდრები დიდი სიამოვნებით გიამბობენ. აქ დამსვენებელს შესანიშნავი პეიზაჟები, დიდებული არქიტექტურა და იდეალური მომსახურება ელის. სანტორინიზე დრო თითქოს ჩერდება - გაჰყურებ უმშვენიერეს ვულკანურ ლანდშაფტს, ლაჟვარდისფერ ზღვას, ქვიშიან სანაპიროებს და მათ გასწვრივ ჩამწკრივებულ გაქათქათებულ, პატარა სახლებს, გავიწყდება ჩვეულებრივი ყოფა და შეიძლება თავი მართლაც ოლიმპოს ღმერთად წარმოიდგინო. აქ ჩამოსულნი მზის ჩასვლითა და უმშვენიერესი ხედებით ტკბებიან, ყოველდღიურ ალიაქოთში დაკარგულ სულიერ ჰარმონიას ჰპოვებენ და უნებურად უჩნდებათ შეკითხვა - იქნებ სულაც არ ტყუიან ის მეცნიერები, ვისაც მიაჩნია, რომ სანტორინი სწორედ უკვალოდ გამქრალი ატლანტიდის ნაწილი იყო.

თუ სულიერ სიმშვიდეს სულაც არ ეძებთ და პირიქით, მოდური, ბოჰემური დასვენებისკენ მიგიწევთ გული, აუცილებლად ეწვიეთ მიკონოსს. აქაურობას ხშირად სტუმრობენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: სოფი ლორენი, მადონა, ნიკოლას კეიჯი, ელიზაბეტ ტეილორი, რასელ კროუ, მაიკლ ჯორდანი და მრავალი სხვა. არაჩვეულებრივი სანაპიროებისა გარდა და მთიანი პეიზაჟებით ტკბობის გარდა, შეგიძლიათ გაისეირნოთ ქალაქის ვიწრო ქუჩებში, გაეცნოთ ადგილობრივ კულტურას, დაათვალიეროთ უამრავი პატარა ტაძარი, ქარის წისქვილები და აუცილებლად ესტუმრეთ კუნძულის სავაჭრო ქუჩას, სადაც უამრავ საინტერესო ნივთსა და სუვენირს წააწყდებით.